საეჭვო რეპუტაციის ქართულმა კომპანიამ „გასკო+“-მა რუსეთის ფედერაციიდან გაზი ვერ შემოიტანა
რა იმალება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების უკან?
უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა კომპანიამ „გასკო+“-მა მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა – მას საქართველოში 100 მლნ. კუბური მეტრი გაზი უნდა შემოეტანა. ეს კი კითხვის ქვეშ აყენებს „გაზპრომთან“ ჯერ კიდევ ზაფხულში მიღწეულ შეთანხმებას. ახლა ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რა სანქციები დაეკისრება კომპანიას, რომლის რეპუტაციაშიც ექსპერტებს ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.
კონტრაქტს ხელი ივნისში მოეწერა. „გაზპრომს“ გაზის მოწოდება 2016 წელს, 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განეხორციელებინა.
შეთანხმება სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს რუსული მხრიდან „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა მოაწერა ხელი, საქართველოს მხრიდან კი, „გასკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ.
ეს კერძო შეთანხმება იყო და საქართველოს ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. ამის შესახებ ოფიციალურმა თბილისმა მოგვიანებით განაცხადა. ექსპერტებმა კი კითხვის ნიშნები მაშინვე დასვეს და იმის ძიება დაიწყეს თუ რატომ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის უმსხვილესმა კომპანიამ საეჭვო რეპუტაციის კომპანიასთან, რომელსაც ამ სახის ოპერირების სერიოზული გამოცდილება არ ჰქონდა და საერთოდ, ვინ იყო გიორგი მამალაძე.
როგორც ირკვევა კომპანია „გასკო+“-ის დამფუძნებელი გიორგი მამალაძესთან ერთად ირაკლი ბიწაძეც გახლავთ. მამალაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. ბიწაძე კი, როგორც ირკვევა საქართველოში ბევრ პატარა კომპანიას ფლობს, რომელთა დიდი ნაწილი „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) არის დაკავშირებული. ეს ჯგუფი კი,თავის მხრივ – ძმებ ბეჟუაშვილებთან.
თუ „გასკო+“-ს საქმიან რეპუტაციაზე ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ ის სკანდალური კომპანიაც გახლავთ. „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე, მან სენაკში გაზის საფასური 12 თეთრით მოულოდნელად გააძვირა. ინფორმაცია მოსახლეობას მანამ არ ჰქონდა, სანამ სახლებში გაზის ქვითარი არ მიუვიდათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ არ შემოიტანა „გასკო+“-მა საქართველოში გაზი? რით მოიხიბლა „გაზპრომი,“ როცა არჩევანი სწორედ ამ პატარა და საეჭვო კომპანიაზე გააკეთა და რაც მთავარია, რატომ ვერ შემოიტანა ქართულმა კომპანიამ გაზი საქართველოში. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, „გაზპრომსა“ და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რაიმე სახის ინტერესებს გულისხმობდეს.