ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“: საქართველოს ევროპული არჩევანი

„საქართველოს ევროპული არჩევანი“, – ამ სათაურით ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეტალურად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, შექმნას ქვეყანა, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ყველაზე უმთავრესია. პრემიერი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იყოს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა.
„მსოფლიოს წამყვანი გაზეთების პირველი ფურცლებიდან, უკრაინის ქუჩებით დამთავრებული, ცხარე კამათი მიმდინარეობის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი და ევროკავშირის ნაწილი. ჩემს ქვეყანას აქვს მტკიცე და ძლიერი ევროპელობის განცდა. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირისგან გავთავისუფლდით, დავიწყეთ ჩვენი ნამდვილი ევროპული იდენტობის სრულად დაბრუნება. გასულ ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში, სადაც მოხდა ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირება, ქართველებმა დაადასტურეს, რომ არარსებობს დავა ევროკავშირის ღირებულების შესახებ. ევროკავშირი წარმოადგენს ევროპას როგორც მთლიანს, თავისუფალს და მშვიდობიანს. საქართველო ირჩევს და იზიარებს ამ მისწრაფებებს. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ქვეყანა, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ყველაზე უმთავრესია. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცხოვრება მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოკუპაციას განაგრძობს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე ისეთი ეკონომიკის ასაშენებლად, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს, რათა საკუთარი საგარეო პოლიტიკა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე აწარმოოს. საქართველოსთვის ნათელია, რომ არარსებობს სხვა ალტერნატივა გარდა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა. ასევე ვაღიარებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ერთადერთი კურსია, რომელიც მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ქართველთა 85% მხარს უჭერს მთავრობის მიზანს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – აცხადებს პრემიერი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას. თუმცა იქვე დასძენს, რომ თუკი რუსეთი მაინც გადადგამს ნაბიჯებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ, ეს თავად მოსკოვისთვის იქნება დამღუპველი, რადგან მისი თქმით, ეს ხელს შეუშლის ორმხრივ დიალოგს.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ქართულ საზოგადოებაში, რომ რუსეთი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მიერ ევროპისკენ სწრაფვას. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ეს განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, რომელსაც ოფიციალურად აგვისტოში მოვაწერთ ხელს, საერთოდ არ ზღუდავს თანამშრომლობის პერსპექტივებს რუსეთთან ან სხვა რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან. თუკი რუსეთი მაინც გადადგამს ნაბიჯებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ, ეს თავად მოსკოვისთვის იქნება დამღუპველი, რადგან ეს ხელს შეუშლის ორმხრივ დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ ჩვენი ინიციატივით დაიწყო და მიზნად ისახავს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ხელშეწყობას“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ოლიმპიურ თამაშებზე გაირკვევა საქართველოსა და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები.
„სულ მოკლე დროში, მომავალი ოლიმპიური თამაშები შეამოწმებს ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას. მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რაც კეთილი ნების გამოხატულებაა და ოლიმპიური პრინციპების მხარდაჭერა. ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს ეთანამშრომლათ ჩვენთან ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. თავის მხრივ, საქართველო იძენს დამატებით ვალდებულებას უზრუნველყოს ქმედებები დამრღვევების მიერ ჩვენი ტერიტორიის გამოყენების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას ასევე არ ექნება სიურპრიზები ჩვენთვის“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

წყარო: http://www.lemonde.fr

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები