“კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა და არა შეზღუდვა”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაქუმებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის დაკმაყოფილება ქვეყნის უსაფრთხოების დასუსტებას გამოიწვევს.
როგორც სესიაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც ტერორიზმის რისკები ძალიან მაღალია, მათ შორის რეგიონში, კონტრდაზვევრით სამსახურებს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მეტის საშუალება უნდა მიეცეთ.
„მსოფლიოში მართლაც, რომ მზარდია ტერორიზმის საფრთხეები. ამ მხრივ ფაქტობრივად მსოფლიო ყოველდღიურად ტერორისტული აქტების მომსწრე ხდება. თავისთავად ცხადია კონტრდაზვერვითი საქმიანობა თავისი სპეციფიკით არის გამორჩეული. ეს არ არის ჩვეულებრივი საგამოძიებო საქმიანობა.კონტრდაზვერვითი საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ უნარჩვევებს, სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს, აგენტურასთან მუშაობას, მათ შორის საერთაშორისო აგენტურასთან თანამშრომლობას და სხვა.
ამ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის აუცილებელია მეტი საშუალებისა და შესაძლებლობის მიცემა, რომ განახორციეელდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობა.
მეტსაც გეტყვით, პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდგომ ევროკავშირმა მიიღო შესაბამისი მიმართვა, რომლითაც მოუწოდა რიგ სახელმწიფოებს გაამკაცრონ კანონმდებლობა, რადგან კონტრდაზვერვით სამსახურებს მეტი საშუალება მიეცეთ უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
იმ ფონზე, როდესაც ტერორიზმის რისკები ძალიან მაღალია, მათ შორის რეგიონში და მათ შორის იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ტერორისტები ცდილობენ საქართველო ტრანზიტულ ქვეყანად გამოიყენონ, თავისთავად ცხადია, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სპეცსამსახურების აღჭურვა ისეთი ტიპის უფლებამოსილებით, რომლებსაც შეეძლებათ ოპერატიულად რეაგირება შესაბამის რისკებსა და გამოწვევებზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ რისკი მაღალია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დასუსტება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები