ეკა ბესელია: ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება საფრთხეს შეუქმნის ჩვენივე მოქალაქეების დაცულობას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება დღეს გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე საფრთხეს შეუქმნის ჩვენივე მოქალაქეების დაცულობას და უსაფრთხოებას.
ასე ეკა ბესელია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას მოითხოვენ.
მისი თქმით, კანონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და პარლამენტი მოპასუხეა, ეხება საგამონაკლისო ნორმებს, სადაც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ნორმები გამონაკლის შემთხვევებში მოქმედებს, როცა საქმე ეხება ტერორიზმს, ქვეყნის უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მყოფ პირებს.
„ეს არ არის ორდინალური შემთხვევები. ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობთ, მისი გაუქმება არ შეიძლება. მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა საფუძველზეც კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული დროით დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესაძლო საეჭვო პირის, მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარული თვალთვალი და მიყურადება, ხელ-ფეხს გაუხსნის ტერორისტებს და ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს.
სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ პრევენცია განახორციელოს და ტერორისტებამდე ადრე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამიტომ მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხელოვნურ ბარიერებს და დამატებით პრობლემებს არ უნდა ვუქმნიდეთ, მით უმეტეს, დღეს მომეტებული საფრთხეების ფონზე, როდესაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, უსაფრთხოების სამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან და სახელმწიფოების ძალისხმევა უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მიმართულებით. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი დაუფიქრებელი მოთხოვნებით, ჩვენ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები