მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის მიმართ კრიტიკული იქნება

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკულად გაგრძელდება, საპარლამენტო უმრავლესობა იქნება კრიტიკული მთავრობის მიმართ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე.
როგორც მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მთავრობის წარმომადგენლებისგან არის დამაიმედებელი ინფორმაციები.
”რაც შეეხება მთავრობის დაბარებას, ჩემი პირადი აზრია და ვფიქრობ, ამას გუნდიც გაიზიარებს, თუ იქნება მოვლენების გარკვეული კრიტიკული გაგრძელება, ჩვენც ვიფიქრებთ ამაზე. ჩვენ გვაქვს არაერთი შეხვედრა გამართული მთავრობის წარმომადგენლებთან. მათგან ვიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს. მოლოდინები არ არის ისეთი, როგორსაც თქვენ („ნაციონალური მოძრაობა“) ხატავთ. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებულები ვართ იმ გეგმის რეალურობაში, რაც მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საპარლამენტო უმრავლესობა იქნება კრიტიკული მთავრობის მიმართ.
”ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ მთავრობის წევრების დაბარებაზე. როდესაც მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოქმედებაში მოვა და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები იქნება, პირველი გამხმოვანებლები ამ კრიტიკული კითხვების ჩვენ თავად ვიქნებით. არ ვაპირებთ, რომ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ, მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ხედვებით წარვსდექით ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიქნებით კრიტიკულები, ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე,” – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთანავე, დეპუტატი მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ნუ შეუწყობენ წინასწარ ხელს მთავრობის ეკონომიკური გეგმის მიმართ არასწორი მოლოდინების გაღვივებას.
”ნუ შევუწყობთ არასაგნობრივი ლოგიკით ამ მოლოდინების გაღრმავებას. ეს არის დამაზიანებელი. მინდა გთხოვოთ ერთი რამ, ნუ შევუწყობთ ხელს წინასწარ არასწორი მოლოდინების გაღვივებას. ბატონი გიგი წერეთლის ნაწილში, მე გარკვეული კონსტრუქციულობა ნამდვილად დავინახე და როდესაც იქნება საგნობრივად საუბარი, ათასჯერ ვილაპარაკებთ მთავარ გამოწვევაზე. მაგრამ, როდესაც კატასტროფებზე ვლაპარაკობთ და აპოკალიფსზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ნეგატიურ მოლოდინს, რაც არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, როდესაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ მომენტებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ვალია ამ გამოწვევებს შევხვდეთ მომზადებულები, ვიყოთ ადეკვატურები”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით პრობლემები მთელ რეგიონში არსებობს.
”ჩვენი ქვეყანა დღეს დგას გამოწვევების წინაშე. მთლიანად რეგიონშია ეს პრობლემები, განსაკუთრებით, პრობლემები შეეხება უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებს. ალბათ თავს მოვიტყუებთ თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არის, ვალუტასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არის და დაგეგმილი იყო”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები