სერგო თეთრაძის საქმეზე განაჩენი 27 იანვარს გამოცხადდება

   საქალაქო სასამართლო სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს 27 იანვარს, დილით გამოაცხადებს – ამის შესახებ „კვირას“ ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე განსასჯელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს.
„ადვოკატების დასკვნითი სიტყვა აბსურდული არგუმენტებით იყო გაჯერებული. ბუნებრივია, განსასჯელის ადვოკატებმა თავისი სიტყვა უნდა წარმოთქვან. მიმაჩნია, რომ სასამართლო იმ მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოს, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან მეორე ეტაპის დაწყებას, ჩვენთვის ეს არის მთავარი, როდის დაიწყება მეორე ეტაპი. მე, როგორც თეთრაძის ადვოკატი, ვითხოვ თავდაცვისა და კონტრდაზვერვის იმ პირების დასჯას, ვინც სერგო თეთრაძე ჯერ დააკავა, შემდეგ კი მის მიმართ წამება განახორციელა. სასამართლოსგან ველოდები, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს“, – განუცხადა „კვირას“ მაგდა კოტრიკაკაძემ.
მისივე თქმით, იგი, თეთრაძის გარდაცვალების საქმის ვითარებიდან გამომდინარე, მთავარ პროკურორთან – გიორგი ბადაშვილთან შეხვედრას გეგმავს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ კი კოტრიკაძე  საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავდაცვის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების ვინაობას დაასახელებს, ვინც სერგო თეთრაძე დააკავა და შემდეგ აწამა.
„ბრიფინგზე დავასახელებ თავდაცვის სამინისტროს იმ პირთა ვინაობას, ვინც სერგო თეთრაძე დააკავა და შემდგომ მის მიმართ წამება განახორციელა. გამოძიება გრძელდება. ჩვენი მოთხოვნაა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დროულად დაიწყოს. იმედი მაქვს, ახალი პროკურორის დანიშვნა პროცესებს დააჩქარებს და საქმეზე მსვლელობა დაჩქარდება“, – აღნიშნა დაზარალებული მხარის ადვოკატმა.
„კვირა“ პროკურორ რეზო ნადოისაც დაუკავშირდა, რომელმაც განსასჯელების ადვოკატების დასკვნითი სიტყვა შეაფასა.
„სამართლებრივად, რაიმე მნიშვნელონობის მქონე ადვოკატების დასკვნით სიტყვაში არაფერი ყოფილა. ეს იყო სიტყვათა კრებული, რომელიც საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. ეს იყო ემოციებით გაჯერებული გამონათქვამები, თავიდან ბოლომდე კანონიდან ამოკრებილი ციტატები. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მხარეებმა კანონი კარგად იციან, მაგრამ გარდა ამ ციტატებისა, კანონიდან გამომდინარე, მათი არგუმენტები მტკიცებულებებით უნდა ყოფილიყო გაჯერებული. საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობიდან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ. ვიმედოვნებ, რომ ბრალდებულების მიმართ განაჩენი  ჩადენილი ქმედების შესაბამისი იქნება“, – აღნიშნა პროკურორმა რეზო ნადოიმ.
შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე, 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა ს.თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით, სერგო თეთრაძე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთხელ სცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სერგო თეთრაძე, ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა. 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს – ვიქტორ ყაჭეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ბრალდება წარედგინათ. 2013 წლის 16 იანვარს სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას და გლადანის №8 საპყრობილის ხელმძღვანელობას: ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი კი პატიმრობაში ციხის სკანდალთან დაკავშირებულ წამების ბრალდებაზე უკვე იმყოფებიან. 2012 წლის 13 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დავით ლონდარიძემ გლდანის მერვე საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები