ქართული მხარე კომპანია “ამაზონთან” (Amazon) თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „ამაზონში“ (Amazon) შეხვედრას გეგმავს, სადაც განხილული იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობები – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა სფეროში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ამერიკული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებისა და აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები აშშ-ს სხვადასხვა შტატში სამუშაო ვიზიტებს განაგრძობენ.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, 2016 წლის 13-15 დეკემბერს აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე, სამუშაო ვიზიტით, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლს ეწვივნენ. გაიმართა შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ კომპანიებთან, საერთაშორისო კორპორაციებსა და სავაჭრო ორგანიზაციებთან. კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მთავარი ოფისის და მსხვილი ამერიკული სამოგზაურო-საკრუიზო ხაზის „ჰოლანდ ამერიკას“ (Holland America Line) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კომპანია „ჰოლანდ ამერიკას“ წარმომადგენლებთან განიხილეს საკრუიზო გემების ევროპულ მარშრუტებში ბათუმის ჩართვის შესაძლებლობაც. საელჩოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ამერიკული საავიაციო მწარმოებელი კომპანია „ბოინგი“ (Boeing Company). საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ საქართველოში არსებული პოტენციალი და წარმოების შესაძლებლობები გააცნო აღნიშნული კორპორაციის საერთაშორისო სტრატეგიისა და ბიზნეს განვითარების რეგიონალურ დირექტორ რიჩარდ ოჩს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, შეხვედრები გაიმართა სიეტლის ტურიზმის ბიუროსა და BeDynamic Inc ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები