რატომ ცდილობს “გუდვილის” კრედიტორთა ნაწილი რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ ღიად განაცხადა, რომ “გუდვილის” კრედიტორთა ნაწილი მალე სასამართლოს წინაშე “გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის მოთხოვნას დააყენებს.
ამის თაობაზე ახალშექმნილი დისტრიბუტორთა ასოციაციაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში.
თავისთავად ფაქტი, რომ „გუდვილის“ კრედიტორთა ნაწილი რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას ითხოვს და კანდიდატურაც (აუდიტორული კომპანია „ნექსია ინტერნეიშენელი“) შერჩეული ჰყავთ, საინტერესოა და ბადებს კითხვებს, თუ რა გახდა რეაბილიტაციის ახალი მმართველის შერჩევის საფუძველი. როგორც რიჟამაძის საუბრიდან ირკვევა, კრედიტორთა ნაწილი გამოთქვამს გარკვეულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ „გუდვილს,“ რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, გადასახდელი აქვს 26 მლნ ლარამდე არაუზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნები და კრედიტორებს არ სურთ, რომ ამ თანხების გადახდა რისკის ქვეშ იყოს და სწორედ ამიტომ სურთ რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის შეცვლა.
საინტერესოა, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენელი საკუთარ მსჯელობაში წიანააღმდეგობრივი ხდება. ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, რომ ,,გუდვილი დღეს კომერციულ ნაწილში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გადამხდელია მიმდინარე ფინანსური ვალდებულების კუთხით, ანუ რაც გაჩნიათ კომპანიების მიმართ, რომლებიც მომსახურებას და პროდუქციას აწვდიან მათ.“ თუმცა იქვე უთითებს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ „გუდვილი“ მომავალშიც, უკვე 2017 წლიდან, როგორც ეს რეაბილიტაციის გეგმითაა გაწერილი, შეძლებს რეაბილიტაციის გეგმამდე დაგროვილი დავალიანებების გასტუმრებას. რა აძლევს მას ასეთი ვარაუდის საფუძველს, რიჟამაძის მსჯელობიდან არ ჩანს. 26 მილიონი ლარი ის თანხაა, რაც „გუდვილს“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა წინაშე მართებს.
გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ინფორმაციით (bfm.ge), „გუდვილში“ მოქმედი რეაბილიტაციის მმართველის პირობებში მოხერხდა ის, რომ ,,გუდვილის“ გაყიდვების მოცულობა გაიზარდა, გაიზარდა მომგებიანობა და უზრუნველყოფილი კრედიტორის მიმართ მოთხოვნები სრულად დაიფარება უახლოესი თვეების განმავლობაში, როგორც ეს შესაბამისი გეგმითაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ,,გუდვილმა“ შეძლო უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნის, 18 მლნ ლარის უდიდესი ნაწილის დაფარვა, ანუ ფაქტობრივად, დღეისათვის დაფარულია რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე არსებული მთლიანი კრედიტორული დავალიანების თითქმის 40%. რაც შეეხება რიჟამაძის მიერ აღნიშნულ 26 მლნ ლარის ფულად ვალდებულებას, ეს ის დავალიანებაა, რომელიც წარმოიშვა გუდვილის რეაბილიტაციის დაწყებამდე და რომლის დაფარვაც გათვალისწინებულია 2017 წლის მე-4 კვარტლიდან.
საინტერესოა, რა იწვევს კრედიტორთა ნაწილის შეშფოთებას. ხომ არ თამაშდება ქართული ბიზნესისთვის კარგად ნაცნობი ბანქო, როცა დაპირისპირებების რეალური მიზეზები სხვაა, საბაბები კი სულ სხვა.
აღწერილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მიდგომები და მისი მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გახშირებული „გუდვილში“ მოქმედი რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის – „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ საწინააღმდეგო საჯარო და კულუარული მოქმედებები (მათ შორის, რამდენადაც ირკვევა, კრედიტორების დარწმუნება, რომ „გუდვილი“ ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას და ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სასწრაფოდ ახალი რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის შერჩევა. საამისოდ კრედიტორთა მხრიდან მინდობილობების შეგროვებაც კი ხდება) ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ აქტიურობის მიღმა სხვა რეალური მიზეზებია.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ (bfm.ge) „გუდვილის“ გარშემო მიმდინარე პროცესებით კიდევ უფრო ღრმად დაინტერესდა და რამდენადაც გაარკვია, დაძაბული ვითარებაა „გუდვილის“ აქციონერთა შორისაც. კერძოდ, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელსა და მინორიტარ აქციონერს შორის და სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელის ინსპირირებულია რეაბილიტაციის არსებული მმართველის ახლით შეცვლის პროცესის დაწყება და ამ საქმეში კრედიტორთა (დისტრიბუტორთა), ნებისმიერი გზით და რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობით ჩართვა.
შექმნილი ვითარების კომენტირების მიზნით, „ბანკები და ფინანსები“ (bfm.ge) „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველ კომპანიას დაუკავშირდა, საიდანაც შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ:
„დღეს „გუდვილი“ წარმატებული, მომგებიანი კომპანია, რომელიც რჩება „რითეილ“ ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად და არ ღალატობს თავის ტრადიციებს და პრინციპებს შესთავაზოს ერთგულ მომხმარებელს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. კომპანია ,,გუდვილს“, არსებული რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნამდე მართლაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რაც განპირობებული იყო არასათანადო მართვით და კრედიტორთა მხრიდან სათანადო კონტროლის არ არსებობით, ასევე დიდი საიჯარო გადასახადებით.
კომპანიის მენეჯმენტმა, რეაბილიტაციის მმართველთან ერთად, შეძლო დასახული ამოცანების შესრულება, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, დაიხვეწა ბიზნეს პროცესები, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად შემცირდა საიჯარო გადასახადები და რეაბილიტაციის მმართველის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროცესებმა განაპირობა კომპანიის წარმატებები. ,,გუდვილი“ მიმდინარე წელს სოლიდური მოგებით ასრულებს და საუკეთესო კომერციული პარტნიორია თავისი მომწოდებლებისათვის.
დღეს „გუდვილი“ ერთ-ერთი გამონაკლისი კომპანიაა „რითეილ“ ბაზარზე, რომელიც მომწოდებლებთან მიმდინარე ანგარიშსწორებას განსაზღვრული ვადების მკაცრი დაცვით ახორციელებს და აბსოლუტურად ყველა წინაპირობა გააჩნია, რომ 2017 წლიდან, რეაბილიტაციის გეგმით დადგენილ პირობებზე უფრო სწრაფად დაფაროს წარსულში მომწოდებლების წინაშე დაგროვილი ვალდებულებები.
ამ ფონზე, სამწუხაროდ, კიდევ ჩნდება ხოლმე არაობიექტურ და ბიზნეს-ეთიკისთვის შეუსაბამო საფუძვლებზე აღმოცენებული ხელშემშლელი გარემოებები, იქნება ეს, სამწუხაროდ, პარტნიორთა გარკვეული ნაწილის მიერ ინსპირირებული და მომწოდებელთა გარკვეული ვიწრო ინტერესების შესაბამისად დაგეგმილი კამპანიები, რომელთა მიზანიც, სავარაუდოოდ, ინსაიდერულ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება და ამით საკუთარი ბიზნესების გაძლიერებაა, თუ სხვა.
გვინდა, მივმართოთ ჩვენს ნაცად პარტნიორებს, კომპანიებს, მომწოდებლებს, რომელთა პროდუქციაც წლებია განთავსებულია „გუდვილის“ დახლებზე და მომხმარებლის მოწონებით სარგებლობს – „გუდვილი“ იყო, რჩება და ყოველთვის დარჩება პატიოსანი ბიზნეს-ურთიერთობებისადმი ერთგულ კომპანიად, რომლისთვისაც უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული, ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა.
როგორც აღინიშნა, „გუდვილი“ წარმატებით და დაგეგმილზე უკეთესი ტემპით ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას და საზოგადოება უახლოეს თვეებში შეიტყობს საინტერესო სიახლეებს.
მანამდე კი, როგორც წინასაახალწლო და საშობაო დღეებს შეეფერება, „გუდვილი“ გეპატიჟებათ თავის პავილონებში, სადაც მომხმარებელს დღესასწაულის შესაბამისი განწყობა და მრავალფეროვანი პროდუქცია ელის“, – ნათქვამია „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის, – „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ მიერ მოწოდებულ კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები