დავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებულია

“ბიუჯეტის წარმოდგენილი მოცულობა არ არის საბოლოო და წლის განმავლობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი გათვლილია მოსახლეობის პრობლემებზე და შეირჩა ის საკითხები, რაც თბილისელებისთვის პრიორიტეტულია.
”2017 წლის ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებულია და პირდაპირ პასუხობს იმას, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ. ყველაზე მთავარი გამოწვევები, რაც არის ქალაქში, ამ გამოწვევებზე რეაგირება სწორედ ამ ბიუჯეტით არის დაგეგმილი. რაც შეეხება მუნიციპალურ ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პაკეტებს, ყველა ის მუნიციპალური ვალდებულება, რაც გვაქვს მოქმედი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტში. ამიტომ არც ერთი თეთრი ჩვენს თანამოქალაქეებს ამ თვალსაზრისით არ დააკლდებათ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება.
”ბიუჯეტის წარმოდგენილი მოცულობა, რომელიც 800 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, არ არის საბოლოო. ბუნებრივია, ჩვენ დამატებით შემოსავლებს ველოდებით, ისევე, როგორც ეს წინა წლების შემთხვევაში იყო. ასე რომ, რამდენიმე ათეული ლარით წლის განმავლობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება კიდევაც და ეს მიმართული იქნება იმ დამატებითი პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, რაც ეტაპობრივად, ჩვენს თანამოქალაქეებთან კონსულტაციის გზით დავგეგმეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები