საქართველოს მთავრობამ ელექტრონული მმართველობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

„ქაღალდები დარჩება ძალაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებს ხელი შევუწყოთ“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის კომენტირებისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის წამყვანი კანონია “საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ”.
„ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და მოქალაქეს, მოქალაქესა და კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, კომპანიებს შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მივიღებთ სიტუაციას, სადაც ქაღალდზე წარმოდგენილი დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას. ეს ძალიან გამოადგება ჯანდაცვის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებს. როდესაც ამ კანონს მივიღებთ, გაჩნდება ყველა ინსტრუმენტი, რათა ელექტრონული დოკუმენტების, ანუ ჩვენი მეხსიერების შენახვაც და მომავალი თაობისთვის გადაცემა იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული და ეტაპობრივად შევა ძალაში, მთლიანად კი 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.
„გაისად ზოგიერთი მისი კომპონენტი უკვე ჩაერთვება, მაგალითად, გაზაფხულზე, სერვისების განვითარების სააგენტოში, მოქალაქეებს უკვე შევთავაზებთ სერვისს, რომლის თანახმადაც, თუ მოქალაქეს დაკარგული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის კოდი, შესაძლებელი იქნება მისი აღდგენა ისე, რომ ბარათის შეცვლა არ იქნება საჭირო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, კანონი არავითარ შემთხვევაში, არც ეტაპობრივი და და არც საბოლოოდ ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეს არ უკარგავს არჩევანს, გამოიყენოს თუ არა ელექტრონული დოკუმენტი, ელექტრონული ხელმოწერა.
„ქაღალდები დარჩება ძალაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებს ხელი შევუწყოთ“,- აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები