უშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიულ დისკუსიას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით ხუთშაბათს, 15 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება სტრატეგიული დისკუსია ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.
უშიშროების საბჭოს ცნობით, პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად გამკლავების გზები.
თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პირველ ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი.
სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები – ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, ნატოს წევრი-ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
დისკუსიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილისა და რუმინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უმაღლესი ეროვნული საბჭოს მდივნის მიხაი სომორდოლეას ერთობლივი ბრიფინგი.
საღამოს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს ღონისძიების შემაჯამებელ სამუშაო სადილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები