თამარ ხულორდავა: საქართველო უვიზო მიმოსვლას უკრაინაზე ადრე მიიღებს

“საქართველო უვიზო მიმოსვლას უკრაინაზე ადრე მიიღებს“,-ამის შესახებ პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის საკითხი ევროკავშირში ცალ-ცალკე განიხილება. “აქამდე ერთად განიხილებოდა საქართველოს, უკრაინის და კოსოვოს საკითხი. ახლა საქართველოს საკითხი გამოყოფილია და ცალკე მსვლელობა აქვს მიცემული. საქართველოს მიმართ არსებობს მყარი კონსესუსი ევროკავშირში, რომ საკითხი მალე გადაწყდეს. რამდენადაც ვიცი, უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ჩვენ, როგორც უკრაინის პარტნიორი ქვეყანა, ვისურვებდით, რომ ეს გადაწყვეტილება მალე ამოქმედდეს მათთანაც “,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 18 იანვარს გავა. რაც შეეხება უკრაინას, მისთვის აღნიშნული პროცედურა თებერვალში გადავიდა. 13 დეკემბერს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, დროებითი შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ძალაში დროებითი შეჩერების მექანიზმი. აღნიშნულზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი 9 დეკემბერს დაამტკიცა. შეჩერების მექანიზმზე კომპრომისული შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს შეძლეს. შეჩერების მექანიზმის განახლებული ვარიანტის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 9 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 9 თვის ვადით შეჩერდება“.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები