ილია მეორე: ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და აღვადგინოთ უჯარმა

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვის დასასრულს, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლი დალოცა და იქადაგა.
“ჩვენ დიდ წყალობას ვხედავთ საქართველოში. უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების. აი, ასე, დღევანდელ დღეს უფალმა ინება ხსენება წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულისა, მეფისა ვახტანგ გორგასლისა, პირველი და მეორე კათალიკოსების, პეტრესი და სამოელისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის .პირველად ანდრია პირველწოდებულს მოუწოდა უფალმა მოციქულეობრივი მოღვაწეობისათვის და მან მოუწოდა თავის ძმას, პეტრეს. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი, რომელმაც იქადაგა საქართველოში”, – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა საქართველოს ისტორიულ წარსულზე, მეფე ვახტანგ გოგასლის გამეფებაზე ისაუბრა. ილია მეორემ ვახტანგ გორგასლის სამყოფელზე, უჯარმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს უჯარმა მიტოვებულია და მეტ ყურადღებას საჭიროებს. პატრიარქმა მრევლს წყალობის გაღებისკენ და უჯარმის აღდგენისკენ მოუწოდა.
“ვახტანგ გორგასლის სამყოფელი იყო უჯარმაში. დღეს, სამწუხაროდ, ის მიტოვებულია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა. ღმერთმა ინებოს, რომ წმინდანთა ლოცვა შეგვეწიოს “, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები