ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი სასამართლო დავის დასრულების შესახებ ბრიფინგს გამართავს
ვანო ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის ლონდონში მიმდინარე სასამართლო დავის დასრულებაზე, პირველ პრესკლუბში, დღეს, ადვოკატი, იმედა დვალიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
2012 წლის დეკემბერში პატარკაციშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ერთ თვეში თბილისის პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 9 ეპიზოდზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავდა და სამოქალაქო დავის საგანი იყო. პატარკაციშვილის ოჯახმა დავა ლონდონის სასამართლოში განაგრძო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ-“ბლუ ტროპიკმა” და “კოპელამ” ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა. სარჩელი ეხებოდა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს. დოკუმენტების მიხედვით, “ბლუ ტროპიკსა” და “კოპელაში” წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია “ნაილ ტრასტი”, რომლის პირდაპირ მითითებული ბენეფიციარი მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა.