ომბუდსმენი: ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები საგანგაშოა, ფემიციდი დასჯადი უნდა გახდეს

„ფემიციდი, როგორც ასეთი, უნდა გახდეს დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს შესაბამისი მუხლი“, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და 2016 წლის ადამიანის უფლებათა თავისუფლებათა დაცვის ანგარიშს აქვეყნებს.
სახალხო დამცველი გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყურადღებას ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებს.
ნანუაშვილი დანაშაულის პრევენციისთვის რადიკალური მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანაზე საუბრობს.
„რადიკალური მეთოდების გამოყენებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, კანონმდებლობის კუთხით. ფემიციდი, როგორც ასეთი, უნდა გახდეს დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს შესაბამისი მუხლი. გამოძიების დროს უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გენდერული ნიშნით ხდება ძალადობა და მკვლელობა.
ქალების მკვლელობის მხრივ, მასშტაბები ნამდვილად საგანგაშოა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. ის პრობლემები, რომლებიც არ ჩანს და რომლებიც აისბერგის სახით საზოგადოებაშია, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, გენდერული პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში” გაიმართა და მას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები