“ხალხი, რომელიც აჰყვა აჟიოტაჟს, იზარალა“ – როგორ იცვლებოდა ლარის კურსი და რა მოხდა ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოტო გავრცელდა, სადაც ასახულია, 1 დეკემბერს ლარის კურსთან დაკავშირებით საათების მიხედვით ვალუტის ცვლილება.
სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო.
“ხალხი,რომელიც აჰყვა შექმნილ აჟიოტაჟს, იზარალა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილება ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის შედეგია და ხალხი არ უნდა ჩავარდეს პანიკაში, არ მიაწყდეს ჯიხურებს და ბანკებს გადასახურდავებლად, რადგან აუცილებლად დაზარალდებიან”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან არაერთი შეფასება და პროგნოზი გაკეთდა.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციულ ბანკებზე გასაცემი სესხი. დუნდუა, ლართან მიმართებაში მიმდინარე პროცესებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
„ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის ბოლოს დააწესა ზედა ზღვარი, ეს იყო 700 მილიონი ლარი, ამის მეტს არ აძლევდა კომერციულ ბანკებს დახმარებას, დღეს დეფინანსირება მილიარდებშია. მილიარდს როცა აჭარბებს კომერციული ბანკების მიმართ სესხის მიწოდება, ეს მცდარი ნაბიჯია, ან უნდა გაიყიდოს დოლარი ან შეამციროს სესხები, ცალი ხელით როცა იქნევ ნიჩაბს, ნავი ერთ ადგილას რჩება. ის, რაც გუშინ მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ გუშინ ეს არ იყო ნორმალური პროცესი, ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდიან სავალუტო ჯიხურებს. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მომხდარით, ეს იყო მტაცებლური ნაბიჯი უმსხვილესი მოთამაშეების მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები