ლევან მურუსიძე: საბჭო ვერ იმსჯელებს იმაზე, რაც არის აბსოლუტური ცილისწამება

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს იმაზე, რაც მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტური ცილისწამება” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, სადაც ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების ვანო ზარდიაშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობდა.
ლევან მურუსიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არის ცილისწამება და აბსურდი. მისი თქმით, იუსტიციის საბჭო აბსურდულ თემაზე შემოწმებას ვერ დაიწყებს.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს იმაზე, რაც მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტური ცილისწამება. ის არგუმენტები, რაც იქნა დასახელებული, რომ სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი ახდენენ ზეწოლას, არის აბსურდული. მე ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული და მოგიწოდებთ, რომ თქვენც გადაამოწმოთ ინფორმაცია. ამიტომ ცილისწამებაზე და აბსურდულ თემაზე საბჭო შემოწმებას ვერ დაიწყებს. თუ იქნება რაიმე არგუმენტი ან ფაქტი, მოსამართლეები განაცხადებენ, ან გარედან იქნება რაიმე ინფორმაცია, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაშინ კიდევ შეიძლებოდა რაღაც გვეფიქრა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე განმარტებით, ასევე ადგილი არ ჰქონია ვანო ზარდიაშვილის და მიხეილ ჩინჩალაძის შეხვედრას მოსამართლეებთან.
რაც შეეხება იმას, თავად ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი ხვდებიან თუ არა ერთმანეთს, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ისინი ერთმანეთის მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან და მათ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს იმ სამ მოსამართლესთან, რომლებიც „რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებენ.
„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ვანო ზარდიაშვილსა და მიხეილ ჩინჩალაძის მხრიდან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები