ზურაბ ნოღაიდელი: შეცდომა იყო, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხა. დაკითხვისას ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა“.
ზურაბ ნოღაიდელის ჩვენების თანახმად, 2006 წელს იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც სააკაშვილმა უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებდა და მის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას გეგმავდა.
„ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა და სააკაშვილს ვუთხარი, რომ თუ ის მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მოწმის განცხადებით, მუდმივად იყო მათ შორის სამთავრობო წრეებშიც საუბარი, რომ სააკაშვილი იყო დაპირებული, მომხდარიყო ბრალდებული პირების შეწყალება. ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით, ის ესაუბრა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძესაც და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც.
პროცესის შემდეგ დაცვის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები