დონალდ ტუსკმა დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო შეშფოთება გამოხატა

საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.
დონალდ ტუსტკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის: დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება.
გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. დონალდ ტუსკმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო.
შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები