იტალიაში მდინარის ნაპირზე 26 წლის ქართველის ცხედარი იპოვეს
იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის კარლო გოდულაძის ცხედარი მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. იტალიელი სამართალდამცავები საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „კვირას“ ინფორმაციით, იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ბოლო დროს დეპრესიაში იყო. ამის მიზეზი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება.
26 წლის კარლო გოდულაძე მაგისტრატურამდე საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 2016 წლის შემოდგომაზე კი სწავლა იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო. როგორც „კვირას“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, კარლო გოდულაძე სასწავლო დაწესებულებაში მოწვეული ლექტორი იყო და ლექციებს სამართლის მიმართულებით კითხულობდა.
შეგახსენებთ, რომ კარლო გოდულაძეს 20 ნოემბრიდან ეძებდნენ.