გიორგი კვირიკაშვილი კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში. საქართველოს მთავრობის მეთაური კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში ევროკომისარს, მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის დაახლოვების აუცილებლობაზე, ენერგეტიკის ქსელების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განახლებადი წყაროების გამოყენებით მეტი ენერგიის გამომუშავება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რა მიზნითაც დაწყებულია ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგო წყაროების ათვისება და სუფთა ენერგიის ხვედრითი წილის გაზრდა. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სუფთა ენერგიის წარმოებაში ევროპული კომპანიების მზარდი ინტერესის გამო.
საუბარი შეეხო სამხრეთ ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები