რაში ხედავს ონლაინმსესხებელთა ხსნას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი

„ონლაინსესხების გაცემისას სახელმწიფომ საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი რობერტ ჰენდრი სინგლეტერიმ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის დაცვა მხოლოდ ასე შეიძლება.
”მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ქმედითი ზომები უნდა განახორციელოს იმ კუთხით, რომ დააწესოს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე, რომელიც არსებობს სესხების გაცემისას – საუბარია ონლაინსესხებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე. იმდენად, რამდენადაც, ზოგადად, მოსახლეობას ფინანსური ინფორმაცია და ცოდნა არ გააჩნია, შეიძლება სიღრმეებში ვერ ხედავდეს პრობლემის არსს. აქედან გამომდინარე, მათი დაცვა შეიძლება საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესებით”, – განაცხადა რობერტ ჰენდრი სინგლეტერიმ.
რობერტ ჰენდრი სინგლეტერის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს გარკვეულ ზომებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.
ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მათი მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები