ლევან კობერიძე: მედიის თავისუფლების ზღვარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე არ გადის

თითოეული ჩვენგანი ისურვებდა, “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი დასრულდეს იმდაგვარად, რომ ფაქტობრივად კითხვები აღარ დარჩეს საზოგადოებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიის თავისუფლების ზღვარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე არ გადის.
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თემას, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო. ნახსენები იყო „ენ-ტე-ვე“. დიდი ბოდიშის მოხდით, პირველ რიგში საზოგადოებასთან, არ შემიძლია, არ შევახსენო საზოგადოებას ის ქეისები და მსგავსი ტიპის შემთხვევები, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიარა საზოგადოებამ და გაცილებით უხეში ფორმებით, ვიდრე ეს „ენ-ტე-ვე“-ში მოხდა. გვახსოვს ტელევიზიებში იატაკზე დაყრილი ჟურნალისტები, იარაღმიბჯენილი, მერე ტყვიებდაშენილი. ძალიან გთხოვთ, მსგავს შემთხვევებს როცა გაიხსენებთ, კარგად დაუფიქრდით თქვენივე წარსულს.
გარდა მედიის თავისუფლებისა, არის კერძო საკუთრების თემაც. „რუსთავი 2“-ის პროცესი დღეს უფრო მეტად არის კერძო საკუთრების ქონებრივი უფლების საკითხი, ვიდრე მედიის თავისუფლების. მე პირადად, როგორც პიროვნება ლევან კობერიძე, ჩემ აზრს გამოვხატავ, მორალური თვალსაზრისით, ჩემთვის ეს ტელევიზია დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის საკუთრება უფროა, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. იმიტომ არის ქვეყანაში სასამართლო, სასამართლო პროცესი და სამართლებრივი ჩარჩოები, რომ ჩვენი პირადი მოსაზრებები გადავდოთ გვერდზე და ვაცადოთ სასამართლოს, ჩამთავრდეს ეს პროცესი“, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები