ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა. კურსის პირველი დღე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და თანამედროვე გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო.

საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გაამახვილა ყურადღება. ჰანეს ჰანსო მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და თანამედროვე გამოწვევებიდან რუსეთის ფაქტორიც მიმოიხილა. მან მაგალითებად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებული ქმედება მოიყვანა და აღნიშნა, რომ დასავლეთის რეაქცია უფრო ძლიერი უნდა იყოს. ჰანეს ჰანსომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად ერთიანი და ძლიერი ევროპა დაასახელა. მისი თქმით, აშშ-სთან ერთად ბევრი სირთულის გადალახვაა შესაძლებელი. ესტონელმა კანონმდებელმა უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე საუბრისას კიბერშეტევა, ტერორიზმი, ასევე აზიიდან და აფრიკის კონტინენტიდან მიგრაციის პრობლემაც აღნიშნა.

ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებულ ამბიციურ გეგმებსაც შეეხო, რომლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მიიღო. ესტონელმა კანონმდებელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ჯარში გაწვევა აუცილებელია და ამ კუთხით ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითიც გაიხსენა.

რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გარემოს შესახებ მოხსნებები წაიკითხეს ასევე, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა შალვა ძებისაშვილმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ.

დღესვე კურსის მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და სიმულაციურ კრიზისულ სცენარზე დაიწყეს მუშაობა.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები