ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი „რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის დამფუძნებლები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, თუმცა საქმის წარმოება და გამოძიება აღარ გაგრძელდა.
როგორც ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებაში აღნიშნავენ, ისინი იმედოვნებენ, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში.
მათივე თქმით, რაც შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება დამფუძნებლებს.
„რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესი ფინალს უახლოვდება – უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა უახლოეს მომავალში განაჩენს გამოიტანს.
ჩვენ, ვინც დავაფუძნეთ, ნულიდან შევქმენით და ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიად ვაქციეთ „რუსთავი 2“, ვისაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვათმობინეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:
2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება ჩატარებულიყო გამოძიება დამფუძნებლებისათვის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ჩამორთმევის თაობაზე. 2015 წელს, მიუხედავად გაწელილი სამართლებლივი პროცესისა, პროკურატურამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვცნო დაზარალებულად, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო საქმე შემოდო თაროზე და არ მისცა მას მსვლელობა. ამ პროცესის პარალელურად, 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამოქალაქო დავა „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. ვინაიდან ეს პროცესი აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებლივი გზა, ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი მოვლენების ამგვარ განვითარებას. დღეს, სასამართლო დავის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, პროკურატურის უმოქმედობის გამო, ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია არანაირი სამართლებლივი ბერკეტი, აქტიურად ჩავერთოთ არსებულ პროცესში. იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში. რაც შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება დამფუძნებლებს. დარწმუნებული ვართ, მოვა დრო და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა კვლავ გახდება ზეპარტიული, დამოუკიდებელი, კრიტიკული, მიუკეძოებელი მედიასაშუალება. მხოლოდ ასეთი „რუსთავი 2“ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის განვითარებას„ – ნათქვამია განცხადებაში.