საქართველოს საგარეო უწყება ესპანეთში ათეულობით ქართველის დაკავების ფაქტს ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.
„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოში, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მადრიდსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაკავებულნი იქნენ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები. ისინი ბრალდებულები არიან ბინის ქურდობებში. აღნიშნულ ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში, ევროპოლი და საფრანგეთის პოლიცია. ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია „დოიჩე ველემ“ გაავრცელა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დღეს საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. ისინი ასობით ბინის გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და დასახლება ბარაკალდოში ჩატარდა. ასევე დაკავებულები არიან ესპანეთის მოქალაქეები, რომელთა მეშვეობით ქართველები მოპარულ ნივთებს ასაღებდნენ.