„ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილება არ გადაიხედება“
სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი არ გადაიხედება,- ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტმა განუცხადა, უკრაინის მოვლენების მიუხედავად, გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. “როცა გადავწყვიტეთ, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ პატივს ვცემთ ოლიმპიურ პროცესს, და რომ ოლიმპიური სულისკვეთება პოზიტივის შემომტანია მთელი კაცობრიობისთვის და არა მარტო იმ ქვეყნისთვის, სადაც ოლიმპიადა ტარდება. იმედი მაქვს, ეს ოლიმპიადა ჩაივლის უაღრესად მშვიდად. ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ვღელავთ, თუ რა შედეგებს მიაღწევენ ჩვენი სპორტსმენები, ამავე დროს, გვაღელვებს ის, რომ ეს იყოს მშვიდობიანი პროცესი. ამ ეტაპზე რაიმე გადასიჯნვა იმ პოზიციისა, რომ ჩვენ არა კონკრეტულად ამ სახელმწიფოს, არამედ ოლიმპიურ პროცესს ვუჭერთ მხარს, არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.