საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 8 მილიარდი ლარი გამოიყოფა
“8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილი ეკონომიკის გაზრდაზე ორიენტირებულ პროექტებზე საუბრობს და 2017-2020 წლებისთვის მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურისთვის 14 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის რეალიზებას აანონსებს.
„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.
8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ეს თავისთავად, დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდეს. რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში დაიგეგმა მინიმუმ 800 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი, საშუალოდ 1000-ლარიანი ანაზღაურებით.
„ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლამდე ტურისტების რაოდენობამ 8 მილიონ ტურისტს უნდა მიაღწიოს, რაც, ფაქტობრივად, გააორმაგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. ამ პროექტების განსახორციელებლად ჩვენ დონორებისგან მოვიზიდავთ რვა მილიარდ ლარზე მეტს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის მობილიზება ჩვენს ბიუჯეტშიც”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.