გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება
„მთავრობამ უკვე მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შევა ძალაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 4-პუნქტიანი გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას დააყენებს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე.
„ეს რეფორმა კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ 2 მილიარდი დამატებითი რეინვესტირების შედეგად, შეიქმნება მინიმუმ 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისვე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა.
„2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა. გამომდინარე აქედან, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისათვის და მათი შემოსავლების ზრდისათვის. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შევა ძალაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.