ეკა ბესელია: ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სარწმუნოა?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად ვერ მიიღებს.
„ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სარწმუნოა?! ბრალდება შეიძლება ყველაფერზე ისმოდეს და X და Y წყარო – ინკოგნიტო ამბობს, რომ შესაძლოა, რაღაც ზეწოლა ხორციელდებოდეს. ოთხი გვარი უკვე მოვისმინე, ახლა მეხუთე. შემდეგი – მეექვსე გვარი ვინ არის? რა უნდა გითხრათ, ამ კითხვას სერიოზულად ვერ ვიღებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორმა დღეს ის პირები დაასახელა, ვინც მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ.
“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება. ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილია”, – აცხადებს გვარამია.
ამასთან, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, მათ შორის, საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, აუდიო-ვიდეო გადაღება და მისი ტრანსლირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები