ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ოთხ მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ოთხ მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სამი დღის განმავლობაში, ივანე ზარდიაშვილის მხრიდან სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება. ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილია”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
გვარამია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ოთხი მოსამართლის აცილებას ითხოვს. ტელეკომპანიის დირექტორი პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნული საქმე შეისწავლონ. ამასთან, გვარამია მოითხოვს, საქმეზე ზეპირი მოსმენა ჩაინიშნოს, მოხდეს აუდიო-ვიდეო გადაღება და მისი ტრანსლირება.
„მივმართავთ პროკურატურას, შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია. იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვთ, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა. ეს არის ვითომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი რევაზ ბერიაშვილი, რომელიც არ ყოფილა არასდროს დირექტორი. ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ყალბი დასკვნა ერთ დღეში გააკეთა“, – განაცხადა გვარამიამ.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები