აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
დავით გაბაიძეს ფარული კენჭისყრით 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთმა წევრმა. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, დავით თარხან-მოურავი სხდომას არ ესწრებოდა.
ავით გაბაიძე პროფესიით იურისტია (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი), ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი; შპს ,,ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ არბიტრი და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი.
2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკის“ იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში იურისტად.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 – ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით.
ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები