„გირჩი“ პრემიერს მიმართავს, არ განხორციელდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, ვინც ახალ წელს პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესავს

”გირჩი” პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, არ განხორციელდეს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ”გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის „გირჩის“ დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა 800-მდე მოხალისე, აქედან 180-ზე მეტი გამოთქვამს სურვილს, ახალი წლის ღამეს ჩვენთან ერთად დათესოს მარიხუანა.
”გირჩი” ითხოვს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, კერძოდ, ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის არსებული სასჯელების გაუქმებას, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის კულტივაციის, შენახვისა და მოხმარების სრულ ლეგალიზაციას (ბაზარზე რეგულირებულ დაშვებას). თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდა საშემოდგომო სესიაზე,“ გირჩი“ აპირებს, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად, ახალი წლის ღამეს პირდაპირ ეთერში დათესოს მარიხუანა. 21 ნოემბერს, ზუსტად ერთი კვირის წინ ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში, სადაც დეტლურად არის აღწერილი, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებთან ბრძოლის დამკვიდრებულ პრაქტიკას და მოცემულია რეკომენდაციები გაეროს წევრი ქვეყნებისადმი თუ როგორ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის რეკომენდაციები ერთი-ერთში ემთხვევა „გირჩის“ მოთხოვნებს.
ამ მომენტისთვის „გირჩის“ დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა 800-მდე მოხალისე, აქედან 180-ზე მეტი აცხადებს სურვილს სრულფასოვნად ჩაერთოს აქციაში და ახალი წლის ღამეს ჩვენთან ერთად დათესოს მარიხუანა. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს – ყურადღება მიაქციონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდეს რაიმე სახის ზეწოლა. დღეს უკვე ცხადია, რომ ამ ტალღის შეჩერება არის შეუძლებელი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე, გვსურს ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, არ ვაყენებთ ზიანს არავის, არ ვაპირებთ არსად გადახვეწას და აღარ ვაპირებთ დამალვას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გადაგზავნილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან, რომ ახალ წლამდე მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ არქაულ და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები