თსუ-ს რექტორი: თუ „აუდიტორია 115“ პიკეტს არ მოხსნის, ლექციები სხვა კორპუსებში ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „აუდიტორია 115“ მეექვსე კორპუსის შენობას არ დატოვებს, სტუდენტებს ლექციები სხვა კორპუსებში ჩაუტარდებათ.
როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, ამ თემაზე დეკანატი უკვე ზრუნავს და სტუდენტებს ლექციები არ გაუცდებათ.
“ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ იყო უნივერსიტეტის სამომავლო მოწყობა, დავიწყეთ ამაზე საუბარი. ვვარაუდობთ, რომ უნივერსიტეტი განიცდის ძალიან ბევრ ცვლილებას. ის უნდა იყოს ევროპული დონის კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც იქნება რეალური ლიდერი რეგიონში თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნით. ეს იქნება მოწესრიგებული სტუდენტური ცხოვრება, გამართული კვლევითი სასწავლო გარემო და სხვა. ეს ყველაფერი უკავშირდება ხარისხიან სწავლებას, დასაქმებასთან ბმას და ა.შ.
რაც შეეხება სწავლის დაწყებას, თუ „აუდიტორია 115“ არ აპირებს პიკეტირების მოხსნას, აქ ერთი მომენტია – სწავლა აუცილებლად გაგრძელდება. ყველა სტუდენტს ჩაუტარდება ლექცია. ეს ჩატარდება სხვა კორპუსებში, ამის პრობლემა არ გვაქვს. არცერთი სტუდენტი არ დარჩება ლექციის გარეშე. ყველა ლექტორს ექნება საშუალება ჩაატაროს შუალედური გამოცდები, თუ ჩვეულებრივი სემინარი. სად და როგორ, ამაზე დეკანატი ზრუნავს და გადანაწილდება”,- აღნიშნა შარვაშიძემ.
ცნობისთვის, დღეს „აუდიტირია 115“-ის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ შარვაშიძემ განაცხადა, რომ მხარეები ორშაბათს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სანამ ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელდება, ისინი მეექსვე კორპუსის შენობას არ დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები