ალექსალდრე ჯეჯელავას აზრით, „აუდიტორია 115“-თვის პრემიერის მიერ გაცემული დაპირებები სრულდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ გუშინ გაჟღერებული მოთხოვნები ახალია. ჯეჯელავას თქმით, ისინი დაინტერესებული არიან გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები, რათა არ დასრულდეს ეს პროცესი.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო „აუდიტორია 115“-ში, აღარ ეთანხმება ამ ექსტრემალურ და ძალოვან ნაბიჯებს.
„მე ვფიქრობ, ეს უფრო არის სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელიც გამოხატავს, თანაც რადიკალური ფორმებით, თავის უმაყოფილებას. „აუდიტორია 115“-საც არ დავარქმევდი, მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ მე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე „აუდიტორია 115“-თან და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის და არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ და ძალოვან ნაბიჯებს. გუშინ ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში მათი განცხადება, რომ პრემიერმა არ შეასრულა დაპირება. ყველა პუნქტი, რასაც პრემიერი დაჰპირდა, ყველა არის დაძრული – ან მოგვარებულია ან მოგვარების პროცესშია. გუშინ რა მოთხოვნებიც გაჟღერდა, მათი დიდი ნაწილი ახალია. ეს მე ძალიან მაწუხებს და მიმითითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, გზადაგზა შეცვალოს მოთხოვნები იმისთვის, რომ არ დასრულდეს ეს პროცესი, რაც არ არის კონსტრუქციული“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრობის კანდიდატი  მოუწოდებს”აუდიტორია 115″-ს, არ შეუშალონ სასწავლო პროცესს ხელი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც პარლამენტის, ისე განათლების კომიტეტთან, თსუ-ს რექტორატთან და ასე მოაგვარონ საკითხები.
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-3 დღეა პიკეტირებული აქვს. ისინი შენობის დატოვებას მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. აქციის მონაწილეები, არსებული ფორმით, თვითმმართველობის გაუქმებას, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას, სტუდენტური საცხოვრებლის კეთილმოწყობას, განათლების დაფინანსების გაზრდას, უნივერსიტეტში გარე რეფერირების შემოღებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები