თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 28 საკითხი განიხილეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შენიშვნებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს თავმჯდომარეს წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლისას შესაბამისმა კომისიებმა და ფრაქციებმა საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს, რაც თბილისის მერიას მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან ერთად გადაეგზავნება.
დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს წევრების რატი იონათამიშვილისა და ირაკლი აბესაძის პირადი განცხადებების საფუძველზე მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების თაობაზე იმსჯელეს.
ამავე სხდომაზე „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.
დეპუტატებმა ასევე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების საკითხებსაც დაუჭირეს მხარი.
ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
სხდომას რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები