გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი ყველასთვის უნდა გახდეს

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია ქალაქებში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში.
“ეს, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ვერ დასრულდება ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ გარღვევა მოვახდინოთ ამ მიმართულებით, დავასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ავტომაგისტრალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, და ინტერნეტიზაცია 2000-მდე დასახლებულ პუნქტში, რა თქმა უნდა, “მთის კანონის” დანერგვაც”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სივრცით მოწყობაზე, რომელიც არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი განვითარების მთავარ ჩარჩო-დოკუმენტს.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში, წერტილი დაესმება ქაოსურ განაშენიანებას და მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმა.
მთავრობის ახალ კაბინეტს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა 22 ნოემბერს წარადგინა, პარლამენტი 26 ნოემბერს დაამტკიცებს.
მთავრობის ახალ კაბინეტში თითქმის სრულად განახლდა ეკონომიკური გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები