გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს – არ მინდოდა, მეხსენებინა წინა პერიოდი, მაგრამ იძულებული ვარ, ვახსენო

მე არ მინდოდა მეხსენებინა წინა პერიოდი, მაგრამ თქვენი ტერმინიდან გამომდინარე იძულებული ვარ ვახსენო, თუმცა არანაირად არ მინდოდა ამ რაკურსით წასვლა. – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კითხვას სავალუტო ფონდის მონაცემებთან და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ზრდა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, არის შესაბამისი იმ სიტუაციის, რომელიც ჩვენს რეგიონშია.
„რაც შეეხება იმას, რომ მომავალ წელს მოხდა ერთი პროცენტით დაკორექირტება ქვედა მიმართულებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ სავალუტო ფონდი თავის დაგეგმარებაში არის ყოველთვის კონსერვატული. ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-აინ ზრდაზე. ჩვენ გვექნება სავარაუდოდ უფრო მაღალი ზრდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებლ პროექტებს, ჩვენ პროგრამაში არ გვიწერია ის, რომ სახელმწიფო ვალს არ გავზრდით. ჩვენ გვიწერია ის, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება ჯანსაღი, რათა არ გაუფასურდეს საკრედიტო რეიტინგი, სუვერენული რეიტინგი ქვეყნის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას მოუწევს დამატებითი ვალების აღება, რათა გაიზარდოს ეკონომიკა და ამაში ნეგატიური არაფერი არ არის.
„რაც შეეხება შარშანდელ გეგმას, ჩვენ გავაკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რათა შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, რომელიც არ შედგება მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო კურსის სტაბილურობისგან და ფისკალური სტაბილურობა მთლიანობაში ქვეყანაში შენარჩუნდა. რაც შეეხება გეგმებს, უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გადავყარეთ ქონება იმაზე იაფად, ვიდრე ჩვენ შეიძლება ეს ქონება გავყიდოთ დღეს, ხვალ, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში სურათი არ იყო მთლად სახარბიელო“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს წარუდგინა შკალა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რეგიონთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია.
„თქვენ ახსენეთ მავნებლური საქმიანობა, სამწუხარო ტერმინია, მე ვერ გავიზიარებ ამას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ. საშუალო ეკონომიკურ ზრდა რეგიონში, მხოლოდ და მხოლოდ თურქეთში იყო საქართველოზე მეტი, დანარჩენი ჩვენზე ნაკლები იყო. მე არ მინდოდა მეხსენებინა წინა პერიოდი, მაგრამ თქვენი ტერმინიდან გამომდინარე იძულებული ვარ ვახსენო, თუმცა არანაირად არ მინდოდა ამ რაკურსით წასვლა. წინა პერიოდში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 6,2%, ამ დროს ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში იყო უფრო მაღალი საშუალო ზრდა. ეს არის ასევე სავალუტო ფონდის მონაცემები და შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს არ არის ჩემთვის საამაყო, რასაც ახლა მე ვამბობ, კმაყოფილების გრძნობით არ გეუბნებით თქვენგან განსხვავებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მთავრობის მხრიდან დაფიქსირდა არის რეალისტური.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებში არარეალისტური არაფერი არ არის და ამ პერიოდში ჩვენ მოგვიწევს, უფრო მეტი თანხის დახარჯვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და უფრო ნაკლების დახარჯვა ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით. მოგვიწევს გარკვეული ოპტიმიზაციაც. ეს არის ის რეალობა, რომელზეც ჩვენ პასუხს ვაგებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები