გიორგი კვირიკაშვილი – იყო შეკითხვები, მათ შორის ისეთი კომენტარები, რომელიც საპარლამენტო ფორმატს არ შეესაბამება
იყო შეკითხვები, მათ შორის ისეთი კომენტარები, რომელიც, ჩემი აზრით, საპარლამენტო ფორმატს არ შეესაბამება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტში, ჟურნალისტებს, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების” ფორმატში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დეპუტატებს მთავრობის 4- წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
,,აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა პრობლემის გადაწყვეტა გადის დღეს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც კი შეიძლება დავასახელოთ, გადის სწორედ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი 4 პუნქტიანი გეგმა მიმართულია იქეთკენ, რომ 4 წელიწადში ქვეყანაში მოხდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ოკუპირებულ ქვეყანაში ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიმდინარე რისკები იქნას განეიტრალებული ყველანაირი კომპრომისის გარეშე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით და გაგრძელდეს ქვეყნის თანდათანობითი ინტეგრაცია ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამ პრობლემების გადაჭრაზე გადის ჩვენი პრობლემების მოგვარება, ასევე ჩვენი ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან. სწორედ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ფრაქციის ფორმატში გამართულ სხდომას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იყო შეკითხვები, მათ შორის ისეთი კომენტარები, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით, საპარლამენტო ფორმატს არ შეესაბამება.
,,თუ ვინმეს აქვს სამართლებრივი ხასიათის პრეტენზიები, ამისთვის მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებობენ დამოუკიდებელი ინსტიტუციები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.