ემზარ კვიციანი: აუცილებელია დაიწყოს გამოძიება 2006 წლის მოვლენებზე

აუცილებელია დაიწყოს გამოძიება 2006 წლის მოვლენებზე და თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს, – ამის შესახებ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ემზარ კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
კვიციანმა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველა საშუალება გადაკეტა.
”ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სულ მცირე სამი მეთოდი არსებობს. ერთი არის ძალით – რომელიც არ შეგვიძლია, მეორე არის მოლაპარაკებით – რაზეც არ მივდივართ და მესამე – სიმრავლით. წინა ხელისუფლებამ ჩვენ სამივე საშუალება ჩაგვიკეტა. ერთ-ერთი საშუალება იყო ის, რომ ერთმანეთთან მიგვიშვეს ჩვენ და აფხაზები, ამის საშუალება იყო კოდორის ხეობაში. 30% იყო ჩვენს ხელში და ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჩვენ მათთან საუბარი შეგვეძლო. დღეს რომ ვლაპარაკობთ აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე, ამის ადგილი გვქონდა კოდორში. რატომ უნდა ვხვდებოდეთ იტალიაში ჩვენ და აფხაზები, რომლებიც ერთად ვართ გაზრდილები. ამიტომაა აუცილებელი დაიწყოს გამოძიება 2006 წლის მოვლენებზე და თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. ამის შემდეგ ხელის შემშლელიც არ გეყოლებათ არავინ”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები