კიევის პროკურატურამ 11 დემონსტრანტი დააკავა
კიევის საქალაქო პროკურატურა დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა 11 რადიკალი დემონსტრანტი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, აქციის 75 მონაწილეა დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ქუჩებში მომიტინგეები უკიდურეს აგრესიას გამოხატავენ და სამართალდამცავებს ქვებს და აალებად საგნებს ესვრიან, ქუჩაში წვავენ საბურავებს და არეულობას აწყობენ. უკრაინის სამართალდამცავთა თქმით, აღნიშნული ქმედებების გამო, უკვე მეორედ გაუჩნდა ხანძარი შენობას, რომლის ცეცხლის ჩაქრობასაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე საათი მოანდომეს. მათი განცხადებით, ამის პარალელურად მიმდინარეობს აქციაზე გარდაცვლილთა საქმეების გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, მათ სახურავზე მყოფი სნაიპერის ტყვია მოხვდათ.