საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა სესიაში – "ევრაზია შემდეგი ზღვარი"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა სესიაში – “ევრაზია შემდეგი ზღვარი”. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე გაამახვილა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე მოვლენამ დიდი გავლენა მოახდინა. სესიაზე პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ საქართველოს საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება. “უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე მოვლენამ. მართლაც, სახეზეა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძვრები. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო დადებით ძვრებზე. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს ესოდენ აუცილებელ ბიძგს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ლაპარაკია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით. ვაჭრობასთან დაკავშირებული სტრატეგიების ზედმიწევნითი რეფორმების გატარებით, როგორც ეს მოიაზრება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისთვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დავოსში გამართული საჭირო, ღია და არსებითი საუბრები გლობალური ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მომავალშიც გაგრძელდება.