ახალი პარლამენტი თავმჯდომარეს პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. სხდომას 12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი გახსნის და დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე გაუძღვება. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი აირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა. დეპუტატები სხდომაზე ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად წარდგენილია თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერებად – გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, ილია ნაკაშიძე. ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერობის კანდიდატებად სახელდებიან სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“).
გარდა ამისა, პირველივე სხდომაზე იგეგმება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. კომიტეტების თავმჯდომარეებად წარდგენილი არიან – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოთარ დანელია; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ჯაში; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ რომან კაკულია; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თამარ ხულორდავა; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ეკა ბესელია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ლილუაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო ქაცარავა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი კახიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის პირველივე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.
ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „მრეწველებს“ – ერთი და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები