დავით უსუფაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა „რუსთავი 2“-სთვის ბევრი ზიანის მიყენება

„სააკაშვილი „რუსთავი 2”-ს აბარებდა სხვადასხვა „მარიფათიან ბიჭებს“ და ამანაც დააზარალა ეს ტელევიზია“, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ამ ტელევიზიისთვის ბევრი ზიანის მიყენება. როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ძალიან ბევრი რამ, რაც „რუსთავი 2”-ის თავს ხდება, „რუსთავი 2”- ის მესვეურების გადაწყვეტილებაა.
„ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება „რუსთავი 2”-ის თავს, ეს არის „რუსთავი 2”-ის არჩევანი, ვგულისხმობ ამ ტელევიზიის მესვეურების გადაწყვეტილებას, ყოფილიყვნენ უფრო პოლიტიკური მოთამაშეები, ვიდრე მედიასაშუალება. ყველამ ვიცით 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს „რუსთავი 2”-ის მიერ შესრულებული როლი და ამან, ცხადია, ტელევიზიას თავისი ბიოგრაფია შეუქმნა. ეს იყო თავად „რუსთავი 2“-ის მესვეურების არჩევანი დიდწილად, რომ ასეთ ვითარებაში და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა ეს მედიასაშუალება. „რუსთავის 2”-ის თავზე ღრუბლები შეიკრა არა 2012 წელს, არამედ 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც სასამართლო დავები დაიწყო, რომელსაც მოჰყვა გარკვეული გადაწყვეტილებები, შეაფერხა მუშაობა, ეს არის რთული და კომპლექსური მოვლენა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ახლაც არ იქნება სასურველი ტელევიზიის გამორთვა, ეთერის გათიშვა.
„როდესაც ვაკვირდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, ვხედავდი გააფთრებულ ბრძოლას სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის „რუსთავი 2”-ის ლობისტების მხრიდან, რომ მიღებული ყოფილიყო მათთვის მისაღები გადაწყვეტილება. არასწორი ლობირების პროცესში გაიმართა დოღი სხვადსხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან. სხვა შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში და არც ახლა სასურველი არ იქნება ტელევიზიის გამორთვა, ეთერის გათიშვა და ასე შემდეგ. მაგრამ ამასთანავე, „რუსთავი 2”-მაც უნდა მოინდომოს ყველასთან ერთად, რომ ეს საკითხებიც გადაწყდეს. ეს არის პრობლემა, რომ თქვენ ჩეულებრივად საუბრობთ – ოპოზიციური მედია, მე კიდევ ვამბობ, რომ მედიის როლია მნიშვნელოვანი, ოპოზიციური პარტიების როლია მნიშვნელოვანი. მედიაზე როდესაც მესაუბრებით, ოპოზიციური მედიის როლი თუ ვაღიარე, მაშინ უნდა ვაღიარო სახელისუფლებო მედიის მნიშვნელობაც. ეს არის არასწორი, რომ მედია ხდება პოლიტიკური სპექტრის გაგრძელება“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის ისურვებდა, რომ „რუსთავი 2” დაუბრუნდეს თავის დანიშნულებას და გახდეს ისევ ტელევიზია, მაშინ ის იქნება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყნის ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები