დღეს ცაზე ყველაზე დიდი სუპერმთვარე გამოჩნდება

ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სუპერმთვარე ცაზე დღეს გამოჩნდება. 2016 წელს ცაზე სუპერმთვარე სამჯერ დაფიქსირდება – პირველი 16 ოქტომბერს იყო, ხოლო ბოლო 13 დეკემბერს ამოვა. თუმცა ყველაზე დიდი 14 ნოემბრის სუპერმთვარე იქნება.
დედამიწასთან მთვარე ყველაზე ახლოს 1948 წელს იყო, ასევე ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენს პლანეტას 2034 წლის 25 ნოემბერს მოუახლოვდება. მთვარის ერთ წრეს დედამიწის გარშემო 27 დღე სჭირდება. მთვარის ორბიტას ელიფსის ფორმა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ორბიტის ყველა წერტილზე მთვარე დედამიწასთან განსხვავებულ მანძილზე იმყოფება.
სუპერმთვარის დროს მას და დედამიწას შორის მანძილი “მხოლოდ“ 356 ათასი კილომეტრი იქნება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დროს მთვარე 400 ათასი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან.  სუპერმთვარე უბრალო მთვარეზე 7%-ით დიდი და 15%-ით კაშკაშა ჩანს.
მეცნიერები კი სუპერმთვარის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულს უწოდებენ. „არ ვიცი, პირველმა ვინ დაარქვა ამას „სუპემთვარე“. ეს დაახლოებით იგივეა, თუ თქვენ 15 ინჩის ზომის პიცის ნაცვლად 16 ინჩიან პიცას შეუკვეთავთ და მას „სუპერპიცას“ დაარქმევთ”, – განუცხადა “ბი-ბი-სის“ ნიუ-იორკის პლანეტარიუმის დირექტორმა ნილ დე გრას ტაისონმა.
მისივე განცხადებით, ჩვეულებრივ სავსე მთვარესა და სუპერმთვარეს შორის შეუიარაღებელი თვალით განსხვავების დანახვა ძალზე რთულია და სუპერმთვარის ეფექტს, ძირითადად, ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ლამაზი ფოტოები ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები