„ დოკუ უმაროვი ცოცხლად უნდა მივიჩნიოთ, სანამ გარდაცვალების მტკიცებულებები არ დაიდება“
მანამ, სანამ დოკუ უმაროვის გარდაცვალების ფაქტი არ დამტკიცდება, უნდა მივიჩნიოთ, რომ ის ცოცხალია – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მგონია, რომ ვიდრე არ წარმოდგენილა ტერორისტის გარდაცვალების მტკიცებულებები, სპეცსამსახურებმა ის ცოცხლად უნდა მიიჩნიონ“,- განაცხადა ჩრდილო კავკასიის მიწისქვეშა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, დოკუ უმაროვის შესახებ დიმიტრი მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რამზან კადიროვმა საზოგადოებას დოკუ უმაროვის გარდაცვალების შესახებ განუცხადა. კადიროვი, განცხადების გაკეთებისას მიწისქვეშა დაჯგუფების ორი ლიდერის სატელეფონო საუბარს ეყრდნობოდა, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურები ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ საბუთებს არ ფლობენ.