აშშ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მკაცრად აკრიტიკებს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს,- განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ვაშინგტონი სთხოვს უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, დაიცვან ყველა უკრაინელის დემოკრატიული უფლებები. მერი ჰარფის თქმით, არეულობა ქვეყანაში ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია, თუმცა სიტუაციის გამწვავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტიც. ის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის მიერ განცდილ მარცხს უწოდებს. მისი თქმით, დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილური გახდეს. განცხადება კომოროვსკიმ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, პრემიერ ტუსკთან საუბრის შემდეგ გააკეთა.