ფესტივალი „საჩუქარი“: „იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს“ გაიმართება

29, 30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის” ფარგლებში, სპექტაკლი „იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის ფესტივალის მიერ, A.T.I.R Teatro Ringhiera – დამოუკიდებელი კვლევის თეატრალურ ასოციაციასთან ერთად, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით წარმოდგენილი ახალი პროგრამა – „ფოკუსშია იტალია“.
პიესის „იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს“  ავტორია ედუარდო ერბა; რეჟისორი – სერენა სინიგალია; კოსტიუმების მხატვარი –  ფედერიკა პონისი; განათება – ვერაცი; მუსიკალური გაფორმება – გიპო გურადო; სალსა – ლუკა დ’ადინო;
მოაწილეობენ: მათია ფაბრისი, სტეფანო ორლანდი, მარია პილარ პერეზ ასპა, ბეატრის სკიროსი, კიარა სტოპა, სანდრა ცოკოლანი.
…იტალია და საათნახევარში განვლილი ეპოქა. მეოცე საუკუნის მიწურული და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი სათეატრო სამყაროში მკვეთრი სათეატრო ფორმისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქად უნდა მივიჩნიოთ. დამდგმელთა მხრიდან სასცენო ხელოვნების ნაწარმოებებში სულ უფრო და უფრო პრიორიტეტულ ელემენტად ხდება ისეთი ხერხების გამოყენება, რომელიც ეფექტურობით მაყურებელზე მაქსიმალურ ზეგავლენას მოახდენს. ნიველირებულია და ხშირად საერთოდ უარყოფილია თხრობა, ამბავი, სიუჟეტის თანამიმდევრული განვითარების ცნებები ამ ელემენტების კლასიკური გაგებით.
იტალია ათიან წლებში თხრობაა, უბრალო ცხოვრებისეული თხრობა, იტალიის ისტორიიდან პატარა მონაკვეთი. ამ წარმოდგენაში ჩვენ ვერ ვიხილავთ ფანტასმაგორიულ პერსონაჟებს, მისტიკურ სახეებს, ეს არის ადამიანების ისტორია – უბრალო ადამიანების, როგორიც ვართ ჩვენ, ისეთების, რომლებსაც ვხედავთ ქუჩაში, ჩვენთვის ძალზედ ნაცნობ პატარა იტალიურ ეზოებში.
უნიკალური წარმოდგენა, სადაც ჩვენ – მაყურებელი, თითქოს და ჩვენთვის უცხო ადამიანების ცხოვრების ეპიზოდების მომსწრენი გავხდით, თამაშის ხერხით და თხრობის მანერით იტალიურ ნეორეალიზმს მოგვაგონებს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია ბევრად გვიან ჩამოყალიბდა ტიპურ მიმდინარეობად). ჩვენ ბოლომდე ატმოსფეროში ვეფლობით – იმ პერიოდის ატმოსფეროში და სპექტაკლის გმირებთან ერთად, სასცენო წარმოდგენისათვის განკუთვნილ დროში, მთელ ეპოქას გავდივართ, რომელსაც „იტალია, ათიანი წლები“ ეწოდება, – აღნიშნულია ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები