იან კელი „კრწანისის“ ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. იან კელის განცხადებით, იგი ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
„ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხის დეტალების გამოძიებაზე“, – განაცხადა ელჩმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები