პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.
“მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. ასევე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები